რა გავლენა მოახდინა პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა მუნიციპალიტეტებზე
ექსპერტების და სპეციალისტების ვარაუდით, პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისი სხვადასხვა მიმართულებით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
ჯიპას ლექტორი, ნინო ლოლაძე განმარტავს, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში შემცირდა დამატებითი ღირებულების გადასახადის რაოდენობა, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსებზეც იქონია გავლენა.
,,პანდემიურმა პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა პირველ რიგში ეკონომიკაზე. მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით იქნება – 3%. პესიმისტური პროგნოზით კი შესაძლოა –5 %–იც იყოს მსოფლიოს მასშტაბით.
სწორედ ამიტომ საქართველოს საელმწიფო ბიუჯეტის გადახედვა და პარლამენტში უკვე შესულია პროექტი ბიუჯეტის ცვლილებებზე. წლის დასაწყისში დაგეგმილი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი 53 მილიარდის მოცულობით. დღევანდელი მდგომარეობით კი ეს მაჩვენებელი შემცირდა 50 მილიარდამდე. ეს იქნება სერიოზული ცვლილება. – 4% –ით არის დაგეგმილი ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება მაშინ როცა 2019 წელს 5% –იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. სწორედ ამ პროცესებმა პირდაპირ მოახდინა გავლენა საგადასახადო შემოსავლებზე.
ასევე ქვეყანაში მთელი რიგი შეღავათები და გარკვეული გადასახადების გადავადებები მოხდა. მაგალითად ქონების გადასახადების, რომელიც მუნიციპალიტეტის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.
ასევე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ დამატებითი ღირებულების გადასახადის ოდენობაზე, რადგან ეკონომიკური აქტივობა განსაკუთრებით პანდემიის პირობებში იყო დაბალი და დღგ აღარ იწარმოებოდა. ეს პერიოდი ისედაც არ იყო ეკონომიკურად აქტიური არც ადრე წლებშიც, მაგრამ წლის ბოლოს აქტივობა იზრდებოდა ხოლმე და შესაძლებელია წელსაც გაიზარდოს ეკონომიკური აქტივობა’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნინო ლოლაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესების გამო 2020 წელი მუნიციპალიტეტებისთვის კრიზისული იქნება.
,,ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი გავლენა მოახდინა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზეც, რადგან მათი ბიუჯეტების შევსების წყარო ძირითადად ადგილობრივი გადასახადებია. როგორიც არის ქონების გადასახადი და კიდევ უფრო დიდი წყარო არის დამატებითი ღირებულების გადასახადიდან მიღებული წილი.
მთლიანი ქვეყნის ტერიტორიაზე აღებული დღგ–ს გადასახადიდან 19% ნაწილდება ადგილობრივ თვითმმართველობებზე. როცა სახელმწიფოს ეს შემოსავლები მოაკლდა, ამან იქონია გავლენა ადგილობრიბ შემოსავლებზე. ის თანხა რაც ადგილობრივ ბიუჯეტში შედიოდა შემცირდა. მუნიციპალიტეტს თუ ერგებოდა 10 ლარი, გახდა პირობითად 8 ლარი.
დღგ–ს სრული შემოსავლიდან 19% მუნიციპალიტეტებს უნაწილდება თავისი პროპორციული წილების მიხედვით. ფინანსთა სამინისტრომ უკვე მიაწოდა მუნიციპალიტეტებს ინფორმაცია, რომ დღგ–დან თანხა შეუმცირდებათ’’,– აღნიშნავს ნინო ლოლაძე.
ნინო ლოლაძე თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების შემოსავლებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა ადგილობრივი ბიუჯეტების გადახედვა და გარკვეული ხარჯების შემცირება გახდეს საჭირო.
,,მაგალითად თელავს წლის დასაწყისში 2020 წელს დაგეგმილი ჰქონდა დღგ–დან, რომ ექნებოდათ 14 მილიონ 641 500 ლარი შემოსავალი.
გურჯაანს კი დაგეგმილი ჰქონდა 10 მილიონ 761 400 ლარი დღგ–დან შემოსავლები, თუმცა ეს ციფრი შემცირდება. მუნიციპალიტეტები უკვე ამზადებენ გადაწყობილ ბიუჯეტს, სადაც შემცირებული დღგ–ს პირობებში მოხდეს გადასახდელების ნაწილში შემცირება.
გარდა იმისა, რომ გადასახადების ნაწილიდან შეუმცირდათ შემოსავალი, ასევე მუნიციპალიტეტს გააჩნია კატეგორია სხვა შემოსავლები, რომლებიც არის ქონების იჯარიდან, ქონების მოსაკრებლებიდან, დასუფთავების და სხვა მოსაკრებლებიდან მიღებული თანხაა.
როდესაც ადამიანები ვეღარ ხდებიან გადასახადების ან მოსაკრებელის გადასახადს ეს ავტომატურად იწვევს მუნიციპალიტეტში შემოსავლების შემცირებას.
გარკვეულწილად ეს იქნება კრიზისული წელი მუნციპალიტეტებისთვის, რადგან მოუწევთ ბიუჯეტის შემცირება. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა გადახედონ თავიანთ ხარჯებს რომელიც არის კაპიტალური პროექტები: გზების, წყლის სისტემის, ბაღების რეაბილიტაციები და სხვა. რას შეამცირებს მუნიციპალიტეტი, ეს არის ზუსტად პოლიტიკის ნაწილი.
ამ ეტაპზე ადგილოვრივი ბიუჯეტები დაგეგმილია. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაწყებული და ზოგი ნაყიდი აქვს მუნიციპალიტეტს და სავარაუდოდ ეს შემცირება უფრო შეეხება ხარჯვით პოლიტიკას’’,– აცხადებს ნინო ლოლაძე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მათ შემოსავლების შემცირების საკითხზე ცენტრალური ხელისუფლებიდან წერილი უკვე მიიღეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნატო გონგაძე აცხადებს, რომ შემოსავლები შემცირდა, თუმცა ისე არა, რომ კრიზისი დაიწყოს.
,,მუნიციპალიტეტებს დაგვირიგდა წერილები, რითიც მოგვეცა ზედა ზღვარი დღგ–სი და ინფორმაცია იმაზე თუ რა თანხები უნდა შევამციროთ. მუნიციპალიტეტებისთვის ეს ის პერიოდია, როცა ვალდებულებებით დატვირთულია და ზოგი სამუშაოები უკვე მთავრდება. ამ კუთხით მუნიციპალიტეტებს მართლა გაუჭირდება თუ სხვა შეთავათები არ მოხდა მთავრობიდან. ამის გამო ალბათ ყველა მუნიციპალიტეტი შეეცდება ნაკლები ხარჯი გასწიოს.
ამის პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ 70 მილიონამდე თანხა გამოყო, რომელიც კრიზიულ მდგომარეობაში ჩავარდნის დროს მუნიციპალიტეტებს გაუნაწილდება.
მე რასაც ამ ბოლო პერიოდში ვუყურებ, მთლად არ არის ცუდი შემოსავლები. თუ ასე გაგრძელდა და რამე სხვა პრობლემა არ შეიქმნა, არა მგონია, გაჭირდეს შემოსავლები. ამ ეტაპზე არის შიდა რესურსიდან შემოსავლები, ვერ ვიტყვით, რომ სრულად მაგრამ იმდენია, იმედია არ კრიზისი დაიწყება,’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნატო გონგაძემ.
მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტებისთვის ეს პროცესი გამოწვევა იქნება.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის ,,მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” (EECMD) თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, კრიზისიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტბს სავარუდოდ მოუწევთ სხვადასხვა, პროეტებზე უარის თქმა.
,,მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა, შეამცირონ მიმდინარე ხარჯები და ასევე გადახედონ 2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს. სავარაუდოთ კლება იქნება საკუთარი შემოსავლების ნაწილშიც ეკონომიკის კლებიდან გამომდინარე.
მუნიციპალიტეტებს სავარაუდოდ მოუწევთ სხვადასხვა პროეტებზე უარის თქმა. მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ის, რომ ფინანსების კლების მიუხედავად მათ შეძლონ საკუთარი უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულება და სერვისების მიწოდება.
ამიტომ უნდა დაიწყოს ფიქრი ადმინისტრაციული და სხვადასხვა არასაჭირო ხარჯების შემცირებაზე. მაგალითად 2020 წლის თელავის მერიის ბიუჯეტში კულტურულ და მასობრივ ღონისძიებებზე საკმაოდ დიდი თანხები იყო გამოყოფილი, რომლის ათვისებაც პანდემიის გამო შეუძლებელი იქნება. სწორედ ეს თანხები უნდა მიემართოს სხვადასხვა სფეროებზე. ასევე, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ეცადონ მაქსიმალურ ხელშეწყობას ეკონომიკის მიმართულებით, რომ გარკვეული ნაწილის დაბალანსება მაინც შეძლონ’’,– განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.