სამართლიანმა არჩევნებმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა
1 ივლისს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტში მიმოხილულია საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება, ასევე ის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის ივლისამდე განვითარდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2020 წლის არჩევნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური გარემო განსაკუთრებით დაძაბული და პოლარიზებულია.
,,20 ივნისის მოვლენების შემდეგ, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის გავლენით განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, შეიცვალა პარლამენტის არჩევის წესი – 120 მანდატი პროპორციული, ხოლო 30 მანდატი მაჟორიტარული წესით განაწილდება. აღნიშნული სისტემა სრულად არ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას (არ არის სრულად პროპორციული), მაგრამ წარმოადგენს არსებულ რეალობაში საუკეთესო გამოსავალს, რომელიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ნების უფრო პროპორციულად ასახვას და პოლიტიკურ პლურალიზმს.
2020 წლის არჩევნები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასზე გავლენას მოახდენს კორონავირუსული ინფექცია COVID-19 და მისი გავრცელებით შექმნილი რისკები, შესაბამისად, ვირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, ასეთი რისკების არსებობის შემთხვევაში, საჭირო იქნება გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღება და ამომრჩეველთა შესაბამისი ინფორმირება.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ წარმოადგინა რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პოლიტიკური პარტიებისთვის, კერძოდ:
მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საკნონმდებლო ცვლილებების მიღება, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნას; ასევე სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მედია ორგანიზაციების თავისუფალ და მიუკერძოებელ საქმიანობას.
გარდა ამისა, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა არ უნდა გამოიყენონ ანონიმური კამპანიები, რომელიც მიმართულია ოპონენტების, მედიასაშუალებებისა და არჩევნებში ჩართული სხვა აქტორების დისკრედიტაციისკენ”,– აცხადებენ ორგანიზაციაში.