ქორწილის, ქელეხის და სხვა ტიპის წვეულებაზე მყოფი ყველა პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება
ქორწილის, ქელეხის, იუბილის, ნათლობისა და სხვა ტიპის თავყრილობის გამართვის შემთხვევაში, წვეულებაზე მყოფი ყველა პირი, სათითაოდ, 2 000 ლარით დაჯარიმდება.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებას ქორწილის, ქელეხის, იუბილისა და ნათლობის გადახდისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრისას 2000-ლარით დაჯარიმდება ყველა იქ მყოფი მოქალაქე, 10 000-ლარიანი ჯარიმა კი გათვალისწინებული იქნება იურიდიული პირის მიმართ.
„რამდენიმე ჩემმა კოლეგამაც მკითხა, როდემდე არის შეზღუდვები ქორწილების გადახდასთან დაკავშირებით. სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, მოგეხსენებათ, რომ ეს უფლებები შეზღუდულია 15 ივლისამდე. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. გამოყენებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა.
დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ. რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, თურა რეგულაციები იქნება 15 ივლისის შემდეგ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე.
პირბადის ტარება კი მოგვიწევს პანდემიის და ეპიდემიის ფარგლებში, თუმცა, თუ ეს სიტუაცია იმდენად კარგად იქნება ადმინისტრირებული და კონტროლს დაქვემდებარებული, საქართველოში შესაძლებელია, პანდემია იყოს, მაგრამ წესი არ დაგვჭირდეს და გავაუქმოთ კიდეც პირობითად სექტემბერში. ეს არის ყოველდღიური განხილვის საკითხი ეპიდემიოლოგების, საერთაშორისო ექსპერტების და საკოორდინაციო საბჭოსი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

