დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა
პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება კი ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.
პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი პირი, იქნება ეს მგზავრი თუ მძღოლი, დაჯარიმდება 20 ლარით.
უფრო კონკრეტულად, წესს თუ როგორი პირბადის ტარება იქნება სავალდებულო, საქართველოს მთავრობა ან შესაბამისი სამინისტრო დაადგენს.