ახალი ამბებისტატიები

კამპანია ნუკრიანის სახელოსნოების მხარდასაჭერად

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიაანში მოქმედი სახელოსნოები თავშესაფრის გარეშე დარჩა. სახელოსნოების ხელმძღვანელის, მაია ბიძინაშვილის ინფორმაციით, ისინი უკვე მეოთხედ ღია ცის ქვეშ დარჩნენ.
მისივე განმარტებით, სახლი სადაც ისინი ხანძრის შემდეგ გადავიდნენ და რომლის მოწესრიგებაზეც საკუთარი დანაზოგი ჩადეს, იძულებულები არიან სასწრაფოდ დაცალონ.
მაია ბიძინაშვილი განმარტავს, რომ სახელოსნოს ბოლო რამდენიმე თვეა პანდემიის გამო შემოსავლები არ აქვს და შესაბამისი ფართის ქირაობისთვის საჭირო ფინანსები არ გააჩნიათ.
,,გვინდა გაუწყოთ, რომ ,,ნუკრიანის სახელოსნოებს” ისევ დაუდგა ძნელბედობის ჟამი. სახლი, რომელიც ხანძრის შემდეგ გვათხოვეს და რომლის მოწესრიგებასაც ჩვენი დიდი ენერგია, თქვენს მიერ შემოწირული და ჩვენი დანაზოგი ფინანსები მოვანდომეთ, ხვალ სასწრაფოდ უნდა დავცალოთ. კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, დავრჩით ღია ცის ქვეშ.
4 თვეა სოციალურ საწარმოს არ უმუშავია და არანაირი შემოსავალი არ აქვს, სწორედ ამიტომ ვერ ვქირაობთ ფართს, რომ სადმე თავი შევაფაროთ. უკვე ვეღარ ვხედავთ საქართველოში ერთ- ერთი პირველი და წარმატებული სოციალური საწარმოს მომავალი როგორ უნდა გაგრძელდეს’’,- აცხადებს მაია ბიძინაშვილი.
სოციალური საწარმოს დასახმარებლად მოქალაქეებმა კამპანია წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც ყველა მსურველს შეუძლია გარკვეული თანხის გაღება იმისთვის, რომ სახელოსნომ ფუნქციონირება არ შეაჩეროს.
,,ნუკრიანის სახელოსნოების“ ერთ-ერთი გულშემატკივარი, ნინი სანადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოქალაქეების დახმარებით შესაძლებელია სახელოსნოსთვის თავშესაფრის მოწყობა, იმისთვის, რომ მათ მუშაობის გაგრძელება შეძლონ.
,,მეგობრებს, საშობაო ბაზრობების სტუმრებს, ნუკრიანის სახელოსნოების ხელნაკეთი ნივთების მეპატრონეებს და ყველას, ერთად შეგვიძლია სახელოსნოებისა და ადამიანების იმედის გადარჩენა. ნუკრიანის სახელოსნოები ადამიანების, იმედის, თანადგომის, შრომის, უანაბეჭდო ხელებისა და დაუღალავობის ისტორიაა.
ის მაგალითია, ერთად საქმის კეთების, სოციალური პასუხიმგებლობისა და უამრავი რამის. ერთად ყველაფერი შეგვიძლია და თანხის შეგროვებით შესაძლებელია, როგორც დროებითი თავშესაფრის მოწყობა, ისე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წამოწყება. GE85BG0000000219778000’’,- წერს ნინი სანადირაძე.
სათემო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ანა მარგველაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე სახელოსნო ერთ-ერთი გულშემატკივრის დახმარებით ფართის ქირაობას და რამდენიმე თვე ქირის გადახდას შეძლებს, თუმცა აუცილებელია სათემო კავშირ ნუკრიანს და ნუკრიანის სახელოსნოებს ჰქონდეს საკუთარი შენობა, რადგან სხვანაირად მათი მუშაობა მუდამ იქნება საფრთხის ქვეშ და ეს აზარალებს მათ.
,,ნუკრიანის სახელოსნოების მართლაც ერთ-ერთი პირველი სოციალური საწარმოა, რომელმაც მუშაობა 2007 წელს დაიწყო და ეტაპობრივად ვითარდებოდა. კულტურის სახლის შენობა სადაც სახელოსნოები წლების მანძილზე იყო განთავსებული, რამდენიმე წლის წინ სრული დაუდევრობის გამო დაიწვა.
სახელოსნოები დროებით თანასოფლელის მიერ დათმობილ სახლში გადავიდა და რამდენიმე წელი იქ მუშაობდა. დიდი მადლობა სახლის პატრონს ამ დახმარებისთვის. ამ პერიოდში ჩვენ სულ ვფიქრობდით, რომ დადგებოდა მომენტი, როცა სახელოსნოებს რაღაც უფრო მდგრად ადგილსამყოფელზე უნდა ეფიქრა და ეს მომენტი გუშინ დადგა.
ამ ეტაპზე გეგმა ასეთია: სახელოსნოები დროებით გადავა სხვა შენობაში, რომელსაც ვიქირავებთ. ქირის თანხას რამდენიმე თვე გადაიხდის სახელოსნოების ერთი გულშემატკივარი.
ამავე პერიოდში სახელოსნოები მოძებნის რაიმე ძველ, თუნდაც სულ გასაკეთებელ სახლს სოფლად, რომელის შესყიდვისათვისაც დავიწყებთ სოციალურ კამპანიას და აი, აქ გვაქვს თქვენი დიდი იმედი’’, – აცხადებს ანა მარგველაშვილი.