კახეთში 35 000 ტონა ატმისა და ვაშლატამას მოსავალს ელოდებიან
წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მოსავლის საერთო მოცულობიდან, დაახლოებით, 15 000 ტონა ექსპერტზე გავა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ივნისის შუა რიცხვებში, ქალაქ გურჯაანში საორგანიზაციო შტაბი გაიხსნება.
„ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს განსაკუთრებულ პირობებში გვიწევს მუშაობა, საორგანიზაციო შტაბი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს, პროცესში სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამების ფარგლებში შექმნილი 20 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ჩაერთვება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, იმუშავებს ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები შევლენ. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციას მოამზადებს და გასცემს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების თანადაფინანსებით საქართველოში ხილის 11 გადამმუშავებელი საწარმოა, აქედან კახეთის რეგიონში, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტენში სამი საწარმო ფუნქციონირებს.