300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს
სახელმწიფომ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 6 მილიონი ლარი ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად გამოყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის გამოცხადებიდან ერთ საათში 339 განაცხადი დარეგისტრირდა, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა, 300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება.
“ფერმერები პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს ელექტრონულად ავსებენ. სპეციალური პროგრამა ავტომატურად ითიშება, როგორც კი პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ამოწურულია.
ამავე პროგრამით გათვალისწინებული სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას, ასევე ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსებსების მოთხოვნით განაცხადების მიღება გრძელდება ბიუჯეტის ანუ 4 მილიონი ლარის ამოწურვამდე”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.