კახეთში 28 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
გუშინ კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 28 მოქალაქის ნიმუში გაგზავნეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, არც ერთ შემთხვევაში “კოვიდ-19” არ დადასტურდა.
როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამ დრომდე ახალი ვირუსული ინფექციის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
“თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე. 4 ადამიანს მოეხსნა სპეციალისტების მეთვალყურეობა. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 8 ადგილას, მოთვასებულია 219 მოქალაქე.
ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში იკვლევენ მაღალ რისკ ჯგუფებსაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალს, შშმ პირებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებს და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს. 22 მაისს ლუგარის ცენტრში გაიგზავნა 28 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3662 ნიმუში, საიდანაც 1180 მედპერსონალს ეკუთვნის, 1365 კარანტინის ვიზიტორებსა და სასტუმროს პერსონალს. გარდა ამისა, კორონავირუსზე 193 შშმ პირი გამოიკვლიეს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.