ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება ძალაში

დღეიდან საქართველოში კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. ასევე ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა მოიხსნა.

პრემიერ მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რომ შეზღუდვების გაუქმება ან გარკვეული ღონისძიებების გატარება დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე

“23 მაისიდან გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად,  „კომენდანტის საათიც“. 

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც, დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა.

გაუქმდა ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურეობის დროს. ასევე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე.

ასევე, უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან, ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ და დარჩნენ შინ, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, 23 მაისის შემდეგაც, ძალაშია შემდეგი შეზღუდვები, რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარელების ადგილზე კვებით მომსახურებაზე და სხვა.

,,ასევე ამ ეტაპზე სასტუმროებს ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა. ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზღუდული გარდა ონლაინ ვაჭრობისა.

შეზღუდული რჩება ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ. შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით. სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.

ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.