კახეთის რეგიონი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3348 ნიმუში, აქედან 1122 მედპერსონალია, 1127 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი და 193 შშმ პირ.
,,ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 20 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 158 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
თვითიზოლაციაში იმყოფება 16 მოქალაქე. 4 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 9 ლოკაციაზე იმყოფება 348 მოქალაქე”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.