საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება
„დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ამავდროულად, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდბეულებაა ქვეყანა ნელ – ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურს წესს დაუბრუნდეს. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი, თუმცა ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დაზუსტებით ვერავინ ვერ ამბობს.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ, ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის , ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა პირბადის,სოციალური დისტანციის და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ კორონასვირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ. უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად და ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა”,- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.