თელავში მოსახლეობის ნაწილს კორონავირუსზე ანტიგენის ტესტირებით გამოიკვლევენ
თელავში მოსახლეობის ნაწილს “კოვიდ-19”-ზე, ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სწრაფი ტესტების მეშვეობით გამოიკვლევენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ უკვე შერჩეულია კვლევის მონაწილეთა სია.
„მიმდინარე გამოკვლევა თელავისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება. საუკეთესო მოდელია თუ ყველა მოსახლეს გამოიკვლევ და სრული სურათი გექნება, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ ვეცდებით ამ კვლევით დავადგინოთ, თუ რამდენია კოვიდინფექციის სავარაუდო გავრცელება. იცით, რომ ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში არ გვქონია, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტში გავრცელების საკმაოდ მაღალი რიცხვი გვაქვს. შევეცდებით შევაფასოთ რეალური სიტუაცია, რისთვისაც შერჩეულია მოსახლეობის რეპრეზენტატული რაოდენობა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში. გვაქვს შერჩეულ ადამიანთა სია და ამ შერჩეულ ადამიანებს ჩაუტარდებათ ტესტირება. ტესტირება ანტიგენ სხეულის ტესტებით ჩატარდება“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.