კახეთში აგრო და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა დაიწყო
მთავრობის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეუბის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელება იწყება. კახეთში აგრო და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა დღეიდან დაიწყო.
სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით ფერმერები ისარგებლებენ, რომლებსაც 0,25 ჰექტარი და მეტი მიწის ნაკვეთი აქვთ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული.
“ფერმერს აგრო ბარათის მიღება შეუძლია სს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში, ხოლო საწვავის ფასდაკლების ბარათის მიღება სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
აგრო ბარათის განაღდება შესაძლებელი იქნება აგრო მაღაზიებში, ხოლო საწვავის მიიღება კი – დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათით „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს ავტოგასამართ სადგურებზე”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამავე დროს ფერმერები დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეიძენენ.