სტატიები

კორონაპანდემია და საპარლამენტო არჩევნები

ქვეყანა საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია. ემუქრება თუ არა საფრთხე საარჩევნო პროცესს?  იყენებს თუ არა ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლას პოლიტიკური პროცესების მართვისთვის ან ოპოზიცია  მმართველი გუნდის დადანაშაულებას – წინასაარჩევნო პიარისთვის. ამ კითხვებს ოპოზიცია უკვე აქტიურად სვამს. 

მალე შემოდგომა მოვა. ეს ის დროა, როდესაც საქართველომ, როგორც ამბობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა უნდა ჩააბაროს, სახელწოდებით,-საპარლამენტო არჩევნები. საბოლოო ქულებს კი, ქართველი ხალხი და უცხოელი დამკვირვებლები დაწერენ, რომლებიც საარჩევნო პროცესს, როგორც ადგილზე, ასევე, დისტანციურად დააკვირდებიან.  საერთაშორისო მიმართულებით, დღეს არსებულ ვითარებას და პოლიტპატიმრების მოთხოვნით გაკეთებულ  მწვავე  შეფასებებს და მოთხოვნებს  თუ გავითვალისწინებთ, გამოცდის  ჩაბარება ადვილი არ იქნება.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სულ უფრო აქტიურ რეჟიმში საუბრობენ იმის შესახებ, რომ ხელისუფლება კორონაპანდემიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს:

,,ხელისუფლება ყველანაირად  ცდილობს, რომ  პანდემია  თავის სასარგებლოდ  გამოიყენოს:  გააგრძელოს კომენდანტის საათი და შეზღუდვები. უნდათ,  როგორმე,  ეს პროცესები მთელი ზაფხულის განმავლობაში ასევე  გაგრძელდეს, რომ  არჩევნების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს  წინასაარჩევნი კამპანიის სრულყოფილად ჩატარების  და საპროტესტო აქციების  გამართვის  საშუალება არ მიეცეს.  

 ჩვენ დავინახეთ უკვე, რომ ჩვენ ქვეყანაში ეს პანდემია, საბედნიეროდ,  არ გავრცელდა და უკვე სეზონური გრიპის ხასიათი მიიღო. ამის მიუხედავად,  ხელისუფლება მაინც  ჯიუტად ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაცაა და ფაქტიურად,  ეს პანდემია მთელ ქვეყანას შინაპატიმრობად ექცა,“-აცხადებს knews-თან ,,ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვარდოშვილი.

ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ  და წინასაარჩევნო პიარის ნაწილად აფასებენ ხელისუფლებაში. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის, თქმით,

,,საგანგებო მდგომარეობის  არანაირ   ხელოვნურად   გახანგრძლივებაზე  და  ხელისშეშლაზე  საუბარი  არ  არის.  ეს არის აბსურდი. ეპიდემიოლოგების აზრის გათვალისწინებით ხდება ამა თუ იმ  შეზღუდვის დაწესებაც  და შესაბამისად, მოხსნაც.  ხელისუფლებაზე უამრავი უარყოფითი გამონათქვამი და  რაღაცეების დაბრალება, რაც სიმართლეს არ  შეესაბამება,  ეს, უბრალოდ, მათი სტილია და   ე.წ.  საარჩევნო ქულების  დაწერას  ემსახურება, მეტი- არაფერი.“

,,დემოკრატიის სკოლის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე პოლიტიკურ აქტივობას, განსაკუთრებით,  წინასაარჩევნოდ,  უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აფასებს, თუმცა, მისივე შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ  ახალი კორონავირუსის გავრცელებამ უფრო მასშტაბური სახე არ მიიღოს და უმართავ პანდემიაში არ გადაიზარდოს:

,,ჩემი აზრით, არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნება და ჩატრდება, თუმცა ფაქტია და აშკარაა, რომ  ხელისუფლება ამ სიტუაციას, საგანგებო მდგომარეობას,  გარკვეულწილად  იყენებს.   

შეზღუდვები, მეტ-ნაკლებად,  პრობლემებს უქმნის პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივობას, რადგან  მათ არ აქვთ შეკრების და  მოქალაქეებთან შეხვედრის შესაძლებლობა. შესაბამისად,  პარტიების საქმიანობა რთულდება. თუმცა ასეთი მდგომარეობაა არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში.  ეს ხდება, ერთის მხრივ, იმისთვის, რომ  ვირუსის პრევენცია მოხდეს.  ეს საკითხი, სამწუხაროდ, კვლავ აქტუალურია და ვირუსი ჯერ არ დამარცხებულა. ამიტომ პოლიტიკურმა  პარტიებმა  უნდა  მონახონ  სხვა გზები, რომ მსგავს სიტუაციაში, ახლა ვითარებაში,  თავისი საქმიანობის წარმართვა  მაქსიმალურად მოახერხონ“,- ამბობს  knews-თან ნიკოლოზ შარვაშიძე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. მოხერხდება თუ  არა ახალი კორონავირუსის მიერ შექმნილი ახალი რეალობის და  პოლტიკოსების ნების გათვალისწინებით, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და არჩევნების დეკლარირებულად უკვე შეთანხმებულ  ფორმატში ჩატარება, ან საერთოდ, არჩევნების ჩატარება, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.

 

ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი