გიორგი გახარია – ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია
ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სასტუმრო “რედისონ ქოლექშენში” ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ, საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ეფექტურად უნდა გამოიყენოს.
„ჩვენ ახლა ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. ახლა კახეთში ამის თქმა საამაყოა იმიტომ, რომ აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს და საცოდაობაა კახეთში ასეთ დროს, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა ძალიან ფრთხილად ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშავოთ. პირველ რიგში ეს ეხება ტურიზმს. ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სატუმრო, გაშენდა ვენახები, გაკეთდა ბევრი მარანი და ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი. ამიტომ მარტივ რამეს ვამბობთ, საქართველომ ეს ეპიდემია და კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა იქნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ კრიზის შემდეგ უნდა გაძლიერდეს
“მსგავსი კომპლექსები ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად. არ იქნება ეს რთული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი. არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს კოვიდის რისკებს. ეს მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ყველას დაავიწყდება. მთავარია, რომ ერთდროულად შევძლოთ ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა. სამყარო სხვანაირი იქნება, ამასაც გადავივლით, ამაზეც გავიმარჯვებთ, მსოფლიო სხვანაირი იქნება, მაგრამ იქნება სულ სხვა გლობალური კონკურენცია, ბევრად უფრო მძაფრი და მომზადებულები უნდა ვიყოთ ამისთვის. მესმის რომ ერთბაშად, დიდი რაოდენობის ტურისტს ვერ მივიღებთ უბრალოდ მსოფლიოში არ იქნება ასეთი დიდი მოძრაობა, როგორიც იყო ადრე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ კრიზის შემდეგ ტურისტული ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.