პრემიერი ყვარელში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად კახეთის რეგიონში იმყოფება.
გიორგი გახარია ყვარელში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოს „Georgia’s Natural-ის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს შეხვდა და ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებზე პირადად მიაწოდა ინფორმაცია.
პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაერცნო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოს მუშაობას, რომელიც ორგანულ პროდუქციას ამუშავებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამები პირდაპირი დახმარების გარდა, აგრარულ სექტორს საშუალებას აძლევს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, წვდომა ჰქონდეს ფინანსურ რესურსზე, რაც მეურნეობის გაფართოებასა და განვითარებაში დაეხმარება.
„ყვარელში მოქმედი ხილის გადამამუშავებელი საწარმო კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება სახელმწიფო პროგრამების გამოყენება მაღალი სტანდარტის და ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის, რაც კონკურენტუნარიანობის გაზრდის და მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი ადგილის დამკვიდრების მნიშვნელოვანი წინაპირობაა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საწარმო Georgia’s Natural-ში, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების შედეგად წვენებს, სოუსებს, კონსერვებსა და გაყინულ ხილს აწარმოებს, 40 ადამიანია დასაქმებული. განხორციელებული ინვესტიციის სრული მოცულობა 2 582 265 ლარია.