ახალი ამბები

ონლაინ გაყიდვების მხარდასაჭერად ვებინარი გაიმართა

,,მედია ცენტრი კახეთის” ორგანიზებით, ონლაინ გაყიდვების მხარდასაჭერად გაიმართა ვებინარი თემაზე – ,,ონლაინ გაყიდვები-გამოცდილების გაზიარება”.

შეხვედრის ფარგლებში ონლაინ პლატფორმა soplidan.ge-ს წარმომადგენელმა, ია იმერლიშვილმა მეწარმე ქალებს ესაუბრა ონლაინ გაყიდვების მნიშვნელობასა და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებსა და სიახლეებზე. მან საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ როგორ ხდება აღნიშნულ პლატფორმაზე ონლაინ გაყიდვები, როგორ მუშაობდნენ პანდემიამდე და პანდემიის დროს.

ვებინარის მეორე სპიკერმა, ახალგაზრდა ფერმერმა, ნიკა ბაგალიშვილმა, რომელიც ბიოპროდუქციას აწარმოებს წნორში, ვებინარის მონაწილეებს ესაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე თუ როგორ დაიწყო ონლაინ გაყიდვები ჯერ კიდევ პამდემიამდე პერიოდში.
,,ონლაინ გაყიდვები მნიშვნელოვანია პროდუქციის რეალიზებისთვის. მე თავიდან სოციალურ ქსელში ჩემს პირადი გვერდის დახმარებით ვახდენდი პროდუქციის გაყიდვას, თუმცა შემდეგ შევქმენი ცალკე გვერდი, რომელიც აქტიურად ავამუშავე და გაყიდვებიც შესაბამისად გაიზარდა. აუცილებელია ყველა მეწარმეს ჰქონდეს ოფიციალური გვერდი, სადაც დადებს როგორც განცხადებებს წარმოებული პროდუქციის შესახებ, ასევე დადებს საინტერესო ვიდეოებს საქმიანობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აუცილებელია განცხადების გარეკლამება, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს ის. რაც ყველაზე მთავარია, ყველა მეწარმე უნდა იყოს კომუნიკაბელური და აქტიური, რომ ყველა მომხმარებელს ეკონტაქტოს”,- განაცხადა ნიკა ბაგალიშვილმა.

ვებინარები ტარდება NDI-ის პროექტის – ,,მეწარმე ქალთა კლუბი 2“ – ის ფარგლებში.