დღეიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა
დღეიდან საქართველოში სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები მუშაობას განაახლებენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება 14 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ცენტრებს მუშაობა სპეციალური რეკომენდაციებისა და გაიდლაინების გათვალისწინებით მოუწევთ.
კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით დაწესებულებებმა მომხმარებლები წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა მიიღონ, რომ ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებლებმა არ მოუწიოთ მოცდა.
ამავე რეკომენდაციების თანახმად, საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს.
სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი ობიექტზე შესვლის წინ; ასევე, შესასვლელებში უნდა განათავსონ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით. ანგარიშსწორებისას უპირატესობა უნდა მიანიჭონ ბარათით გადახდას.
გარდა ამისა, რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებელი მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე უნდა გამოცხადდეს.
ასევე მას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება; მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა, დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები.
რეკომენდაციების თანახმად, დამსაქმებლის ვალდებულებებში შედის COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების განთავსება, ასევე ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება დაწესებულებაში. მან ასევე უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით, ერთჯერადი ხელსახოცებით – ნიღბებით, სათვალით, დამცავი ტანსაცმლით და სხვა.
ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უნდა მოხდეს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ასევე, აუცილებელია ნარჩენების დროული გატანა.