კახეთში კორონავირუსზე 14 მოქალაქის ტესტირების შედეგს ელოდებიან
კახეთის გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კოვიდ 19-ზე გამოსაკვლევად 117 ნიმუში გაგზავნეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, ცნობილია 103 მასალის შედეგი და ყველა მათგანი უარყოფითია. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დანარჩენი 14 ტესტირების პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
“კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ სტაბილურია და დღემდე “Covid-19″ -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირებისა და საბაჟოს თანამშრომლების. კორონავირუსზე უკვე გამოიკვლიეს საბაჟოს 74 თანამშრომელი და 110 შშმ პირი. არც ერთ მათგანს ახალი ვირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა“, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.