კახეთში 103 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 117 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც 103 ტესტირების პასუხია ცნობილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, დღემდე ლუგარის ცენტრში რეგიონიდან 2603 ნიმუში გამოიკვლიეს.
“დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 17 მოქალაქე. 18 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 406 მოქალაქე.
ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები, საბაჟოს თანამშრომლები. 14 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 117 ნიმუში. 103 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2603 ნიმუში, აქედან 915 მედპერსონალია, 784 – კარანტინში მყოფი მოქალაქეებისაა, საბაჟოს თანამშრომლებს ეკუთვნის 74 ნიმუში, შშმ პირი კი 110-ია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.