კახეთში დაახლოებით 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა
ლაგოდეხის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორ დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად რეგიონში დატბორილია 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მხოლოდ იმ მოქალაქეებს აუნაზღაურდება, რომლებიც აგროდაზღვევის პროგრამით სარგებლობენ.
“პირველადი მონაცემებით, კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 200 ჰექტარზე დაიტბორა. ესენი ძირითადად მდინარეების კალაპოტებში გაშენებული სავარგულებია. იცით, რომ თავის დროზე მდინარეების კალაპოტები გასხვისდა და იქ გაშენდა სავარგულები. წყლის დონე იკლებს. მომავალი დღეების განმავლობაში კარგი ამინდია მოსალოდნელი და იმედია, მოსახლეობა სავარგულებს შეძლებისდაგვარად გადაამუშავებს. სახელმწიფოს აქვს ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის წარმოებაში ფულის ჩადებას, ამავე პროგრამას არის მიბმული აგროდაზღვევა. ეს ნიშნავს, რომ თუ სტიქიური მოვლენების დროს ერთწლიანი ნარგავები დაზიანდება, 70%-ს ანაზღაურებს სახელმწიფო. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაზღვეული მოსავალი. როგორც კი ეს სტიქია დაატყდა კახეთს, როგორც სამხარეო ადმინისტრაციის ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტიქიის ზონაში ვითარების შესწავლა დაიწყეს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, უხვმა ნალექმა განსაკუთრებულად დააზარალა ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები. მდინარეების დურუჯისა და კაბალის ადიდების შედეგად დაიტბორა ვენახები, მესაქონლეობის ფერმები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.