ახალი ამბებისტატიები

კორონავირუსის პანდემიის გავლენა მცირე ბიზნესის საქმიანობაზე

კორონავირუსის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებულმა ორთვიანმა საგანგებო მდგომარეობამ, რომელიც მოიცავს კომენდანტის საათნს და ამასთანავე მას თან გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ერთვოდა, მნიშვნელოვნად დააზარალა მცირე ბიზნესი.

კახეთის რეგიონში მოქმედი აგროტურისტული ობიექტების, საოჯახო სასტუმროების და საოჯახო მარნების მფლობელები ვიზიტორების მკვეთ შემცირებაზე და ფინანსურ ზარალზე საუბრობენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოქმედი აგროტურისტული ცენტრის მფლობელი აღნიშნავს, რომ მარანს ყოველდღიურად ათეულობით ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცაახალი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შედეგად ტურისტების ვიზიტი და შემოსავალი მკვეთრად შემცირდა.

სალომე მათიაშვილის განმარტებით, უცხოელმა ტურისტებმა მათთან ბევრი ჯავშანი გააუქმეს.

მეწარმე არ გამორიცხავს, რომ ბევრი მცირე საოჯახო ტიპის სასტუმრო დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

,,ყველაზე რთულ სიტუაციაში აგროტურისტული მიმართულებით მოქმედი ობიექტები არიან. მე ძალიან ბევრი ზარალი ვნახე და ტურისტულმა ჯგუფებმა ჯავშნები გამიუქმეს. ამ ეტაპზე არანაირი შემოსავალი არ მაქვს, თან დიდ ობიექტებზე გაზის და დენის გადასახადს ისევ ითხოვენ.

სიტუაციიდან გამოსასვლელად აუცილებელია პირველ რიგში დაეხმარონ გიდებს, ტურისტულ ობიექტებს და სააგენტოებს ფინანსურად, რომ ცოტა ხანს მაინც შეძლონ არასბობა, სანამ სიტუაცია გამოსწორდება.

თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება, ტურისტული ბიზნესი საერთოდ მოკვდება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი ძირითადად მარტიდან იწყება და ნოემრბის შუა რიცხვებამდე გრძელდება, ჩვენთან ნებისმიერ დროს მოდიან ტურისტები და გასულ წელს ზამთარშიც აქტიური მუშაობა გვქონდა’’,- განუცხადა knews.ge-ს სალომე მათიაშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების გამო ტურიზმის მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე მიუთითებს საოჯახო სასტუმრო და კაფე-რესტორანი ,,სუ თელავიას” მფლობელი.

გიორგი მოსიაშვილი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების მომხრეა და აცხადებს, რომ „კოვიდ19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მომხმარებლების ადგილზე მომსახურება შეწყვიტა და მიტანის სერვისი აამოქმედა.

,,მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ბიზნესი მცირე საოჯახო სასტუმროსა და რესტორანს მოიცავს. ძირითადად ტურისტული სეზონი კახეთის რეგიონში მარტიდან იწყება. ყოველწლიურად სამზადისს თებერვლის თვეში ვიწყებთ, რათა მომზადებული და განახლებული შევხვდეთ ჩვენს სტუმრებს. მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა საგრძნობლად შეგვიშალა ხელი, არა მხოლოდ ჩვენ, არამდენ ყველა მცირე და მსხვილ მეწარმეს. პოზიტიური მხრიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, ამ სეზონზე მეტი დრო გვაქვს მოსამზადებლად. წინა სეზონის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საშუალოდ 300-350 სტუმარს ვუმასპინძლეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ვფიქრობთ, წელს ეს რიცხვი შემცირდება.

ავტომობილით გადაადგილების აკრძალვამ გამოიწვია ობიექტის ფუნქციონირების დროებითი შეწყვეტა, რაც რა თქმა უნდა ზარალის მომცემი იყო ჩვენთვის. მივესალმებით იმას, რომ კომენდანტის საათის დროს დელივერის სერვისებს ჰქონდეთ მუშაობის უფლება, რადგან შეკვეთების უმრავლესობა საღამოს საათებში იყო. სწორად მიგვაჩნია ქვეყანაში განხორციელებული რეკომენდაციები და შეზღუდვები. ეს ყველაფერი საჭიროა, რათა ვირუსმა მალე გადაიაროს და ყველამ შევძლოთ ჩვენი საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგარძელება’’,– ამბობს გიორგი მოსიაშვილი.

სოფელ ველისციხეში მოქმედი ტურისტული ობიექტი ,,ველისციხურის“ მფლობელი აცხადებს, რომ მარანი 1 წლის წინ გახსნეს, თუმცა დღეს არ ფუქნციონირებს, კორონავირუსმა კი მათი ბიზნესი სერიოზულად დააზარალა და ისინი კი შემოსავლის გარეშე დატოვა.

მაია არუთინოვი მიიჩნევს, რომ თუ ვითარება არ გაუმჯობესდება, მთელი წლევანდელი სეზონი ჩავარდება და ბევრი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

,,საოჯახო მარანი ,,ველისციხური,, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ გასულ წელს დავაფუძნეთ, რაშიც მთელი დანაზოგი ჩავდეთ, დღეს დაკეტილია. კორონა ვირუსმა არა მარტო ჩვენს მარანზე არამედ მთელს ტურიზმზე დიდი დარტყმა იქონია. ტურიზმი, როგორც ბიზნესი, დღეს მსოფლიოში მკვდარია.

მიუხედავად იმისა, რომ მარანი სულ ერთი წლის გახსნილი გვქონდა, სრული დატვირთვით ვმუშაობდით, უამრავი ვიზიტორი გვყავდა, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ისე რუსეთიდან.

მე-19 საუკუნის მარანი აერთიანებს უძველეს ქვევრებს და ღია ვერანდას. მარანში მისულ სტუმარს საშუალება აქვს კახური ღვინო და ტრადიციული კერძები დააგემოვნოს. მარანში განთავსებულია ქვევრები, რომელიც 40 ტონა ყურძენს იტევს’’,- განაცხადა მაია არუთინოვმა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაში კრიზისის დროს გათვალისწინებულია მეწარმეების დახმარება.

გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, გაგრძელდება სოფლის მეურნეობით, რომელსაც მოჰყვება მშენებლობა და განვითარება.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური გახსნის და ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, რა თქმა უნდა, ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, შემდგომ მედიცინა. ასე მივყვებით ჩვენ. ეს არ ნიშნავს რომ პირველი, მეორე, მესამე რანჟირება არის განსაზღვრული იმ სექტორებით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს, რომ ეს რანჟირება დაყრდნობილია ორი კომპონენტის საშუალო შეწონილზე – ვინ დაზარალდა ყველაზე უფრო და ვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში. ესაა და ეს“,- აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადააჭარბა ინფიცირებულებს. ცნობისთვის, საქართველოში 638 შემთხვევაა დაფქისირებული, საიდანაც 317 გამოჯანმრთელდა, 11 გარდაიცვალა, ხოლო 310 კი სტაციონარში მკურნალობს.