ახალი ამბები

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 1401 ნიმუში გაიგზავნა

კახეთიდან რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში კორონავირუსზე სულ 1401 მოქალაქე გამოიკვლიეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ დღემდე ყველა გამოკვლეული ნიმუშიდან მხოლოდ ერთ შემთვევაში დადასტურდა კორონავირუსი, თუმცა განმეორებით ორჯერ ჩატარებული PCR ტესტირებით კოვიდ 19 ყვარლის სასწრაფო დახმარების მედიკოსს არ დაუდგინდა.

„ჩვენ ყოველდღიურად ლუგარის ლაბორატორიაში ნიმუშებს ვაგზავნით, როგორ კარანტინის სივრცეებიდან ისე ცხელების ცენტრებიდან. კორონავირუსზე ასევე ვიკვლევთ მედიკოსებს. 1401 ნიმუში გავაგზავნეთ, აქედან 560 მედიკოსის საკვლევი მასალა იყო. უახლოეს მომავალში დავიწყებთ მაღალი რისკ ჯგუფების ჯგუფების ტესტირებებს. ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელებისა და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების ნიმუშები. მათი ტესტირება სავარაუდოდ რეგიონში ყველა მედპერსონალის გამოკვლევის დასრულების შემდეგ დაიწყება“, – განუცხადა „კახეთის ხმას“ ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი 2 მაისს PCR ტესტირებით დაუდგინდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდა. კახეთში, ამ საეჭვო შემთხვევის გარდა, კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულდ დადასტურებული ფაქტი არ ფიქსირდება.