რჩება თუ არა კახეთი კვლავ მწვანე ზონად?
კახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს, რომლის კორონავირუსით ინფიცირება ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულმა PCR ტესტირებამ დაადასტურა, განმეორებით კვლევებით “კოვიდ 19” არ დაუდგინდა.
ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმის მსგავსად, კორონავირუსზე დღემდე კიდევ 559 მედიკოსი გამოიკვლიეს, თუმცა ახალი ვირუსული ინფექცია არც ერთს არ აღმოაჩნდა.
მედიკოსის ოჯახის წევრები, ნათესავები და ყვარელში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი ტესტის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ექიმი კორონავირუსის მატარებელი არ იყო და ჩატარებულმა ტესტირებამ არასწორი პასუხი უჩვენა.
ეს მოსაზრება PCR მეთოდით ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა.
გამოკვლევის მიმართ მოქალაქეების ნაწილის უნდობლობის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ყვარელში ექიმი ქალბატონის ყველა კონტაქტი მოიძია. ეპიდემიოლოგებმა მასთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 150 ადამიანი გამოიკვლიეს, რომელთა შორის იყვნენ ექიმები, ოჯახის წევრები, ნათესავები და მისი თანამშრომლები. არც ერთი მათგანის კოვიდ 19-ით დაავადება PCR მეთოდით ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ არ დაადასტურა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი განმარტავს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მედიკოსის ახალი ვირუსული ინფექციით დაავადების დადასტურების შემდეგ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.
მერაბ სეფაშვილი ყვარელში ვირუსის გავრცელების საფრთხეს გამორიცხავს.
,,როცა მოვიდა ტესტირებაზე დადებითი პასუხი, მაშინვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. დავიწყეთ კონტაქტების ძიება და მათი გამოკვლევა.
ტესტირების შედეგით თავად ის ქალბატონიც გაკვირვებული იყო, რადგან არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ და ეპიდიტუაციის კონტროლი დავიწყეთ.
იმის გამო, რომ სასწრაფოს თანამშრომლებს ჰქონდათ კონტაქტი სმენის ცვლის პერიოდში მედიკოსთან, ისინიც გამოვიკვლიეთ და მოთავსდნენ კარანტინში, აქედან ორი ექიმია, ორი ექთანი და დანარჩენი მედ პერსონალი, რომლებსაც კლინიკაში ამ ქალთან შეხება ჰქონდათ. საბედნიეროდ არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა კორონავირუსი.
ბოლო კვლევით არც ამ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა ახლა მისთვის იგეგმება სხვა მიმართულებით კვლევის ჩატარება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყვარელში ეპიდსიტუაცია სტაბილურია’’,-განუცხადა knews.ge-ს მერაბ სეფაშვილმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი მიუთითებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის პირველი უარყოფითი შედეგის ხელახალმა ტესტირებამ RNM-ზე კოვიდდადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც სხვა ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება გადაწყვიტეს.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ქალბატონს კვლევები კორონავირუსის სხვა ტიპებზე ჩაუტარდება.
„გადავწყვიტეთ რომ გავტესტოთ არა მხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუს და სხვა ვირუსებზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი ჯვარედინ რეაქციას. აქედან გამომდინარე კიდევ ჩაღრმავებული კვლევები მიმდინარეობს. ქალბატონის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება მის შვილსაც. დღის ბოლოს ან ხვალ დილას უკვე გვექნება სრული პასუხები და ალბათ მიზეზიც გამოიკვეთება,“ – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს PCR ტესტირებით კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა ამავე მეთოდით ჩატარებული განმეორებითი გამოკვლევებით კოვიდ 19 არ დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ამ საეჭვო შემთხვევის გარდა, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.