თუშეთში ზვავში მოყოლილი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნის სამუშაოები სამაშველო ბრიგადებმა დილიდან განაახლეს.
როგორც “კახეთის ხმას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ოპერაცია გუშინ ძლიერი ნალექის გამო შეჩერდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ასევე მძიმე ტექნიკა.
,,ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური”,– აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცნობისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მეწყერი 5 მაისს ჩამოწვა, რომელმაც ორი ადამიანი მოიყოლა, მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუშეთის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა.