ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე- ყვარელში სასწრაფოს ექიმს, PCR ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს, რომელიც სწრაფი ტესტით კორონავირუსით ინფიცირებულად ითვლებოდა, PCR ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.
მისივე თქმით, არ არის გამორიცული, რომ სწრაფი ტესტი, რომელიც ექიმს გაუკეთდა, ხარვეზიანი იყო.
მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე დაფიქსირდა.
„ჩემი ინფორმაციით, არ დადასტურდა ამ შემთხვევაში კორონავირუსი. ველოდებოდით დამატებით კვლევას. ბოლო კვლევის პასუხი ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ რასაც განაცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უნდა ენდოთ მათ.
შესაძლოა, ეს იყოს ტესტის ხარვეზი. არ არის გამორიცხული, რომ PCR ტექნოლოგიების გამოყენების დროსაც იყოს ცრუ დადებითი, რომელიც ასევე ექვემდებარება გადამოწმებას და სწორედ ამიტომ ხდება ამ შედეგების გადამოწმება რამდენჯერმე“, – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს სწრაფი ტესტის მიხედით კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. აღნიშნულის გამო შემოწმდა მასთან კონტაქტში მყოფი ათეულობით პირი, მათ შორის მისი ოჯახის წევრები, პაციენტები და კოლეგა ექიმები.