კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის მეუღლის სინჯს, რომელიც ნუკრიანში ცხოვრობს, ლუგარში დღეს გაგზავნიან
სიღნაღის მუნიციპალიტეტი სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფი ოთხი მოქალაქის, მათ შორის კორონავირუსით დაინციფირებული თბილისის მე-8 საავადმყოფოს ექთნის მეუღლის სინჯს ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაგზავნიან. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ არც ერთ მათგანს “კოვიდ 19”-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
“თბილისის მე-8 საავადმყოფოს ექთანი 27 აპრილს იმყოფებოდა სოფელ ნუკრიანში. მას კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ მეუღლესთან. კორონავირუსით ინფიცირებულის მეუღლის კონტაქტი კი იკვეთება მხოლოდ სამ მეზობელთან. ოთხივე ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება”, – განუცხადა “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ტესტირების შედეგები დღეს გვიან ღამე ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ოთხივე მოქალაქეს სპეციალისტები ნიმუშებს ამ წუთებში უღებენ. ადგილზე სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები იმყოფებიან.
თბილისის ერთ- ერთი საავადმყოფოს ეთქანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიაში 27 აპრილს მეუღლესთან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და დედაქალაქში გაემგზავრა. 70 წლამდე ქალს მალევე კორონავირუსი დაუდგინდა.