კახეთში კორონავირუსზე ტესტირება უკვე 403 მედიკოსს ჩაუტარდა
ბოლო მონაცემებით, კახეთში კორონავირუსზე ტესტირება 403 მედიკოსს ჩაუტარდა, – განუცხადა “კახეთის ხმას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა. ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ 403 მედიკოსიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთ ექიმს ორი დღის წინ დაუდასტურდა.
“კახეთში მედპერსონალის ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. 403 ნიმუში გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში ამ დღეების განმავლობაში და კორონავირუსი მხოლოდ ერთს ორი დღის წინ დაუდასტურდა. კოვიდ 19-ზე PCR ტესტირება კახეთში აბსოლუტურად ყველა მედპერსონალს ჩაუტარდება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის პირველად დადასტურებული შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულია ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმი. ის თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას კონტაქტი 147 ადამიანთან ჰქონდა, საიდანაც 102 მოქალაქე უკვე გამოკვლიეს და ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია.