ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი- ყვარელში ინფიცირებული ექიმის გამოკვლეული კონტაქტებიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ყვარელში ინფიცირებული პაციენტის კონტაქტებიდან, რომლის ნაწილი PCR ტესტირებით გამოიკვლიეს, კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ როგორც დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებს, ასევე მედიკოსებს.

მისივე განმარტებით, სწრაფი ტესტების შემდეგ რამდენიმე მათგანის PCR მეთოდით გადამოწმება გახდა საჭირო, თუმცა არც ერთ მათგანზე კორონავირუსი არ დადასტურდა.

„გუშინვე შეისწავლეს შესწავლა ყველა ის კონტაქტი, რომელიც ამ ქალბატონს გააჩნდა. ის მუშაობს სასწრაფოში, ასევე „ევექსის“ კლინიკაში. მოვიძიეთ ყველა კონტაქტი – როგორც პაციენტები, ისე ოჯახის წევრები, ექიმები. გუშინვე ჩაუტარდა ყველას სწრაფი ტესტი და მათ შორის რამდენიმე მათგანის შემთხვევაში ჩატარდა PCR ტესტები და გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. დღეს დილის ინფორმაციით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ანუ ძველი დაინფიცირებული პაციენტი რჩება დადებითი პასუხით, დანარჩენ ყველა პირზე მოსულია უარყოფითი პასუხი. ეპიდემიოლოგებთან ერთად ვაგრძელებთ კვლევას, საიდან შეიძლება ყოფილიყო წყარო ამ ქალბატონის დაინფიცირების,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ყვარელში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს გუშინ დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, მასთან კონტაქტი დაახლოებით 147 ადამიანს ჰქონდა, საიდანაც 62 მოქალაქე PCR მეთოდით გამოიკვლიეს კორონავირუსზე, თუმცა ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია. მასთან კონტაქტში მყოფი დანარჩენი პირების გამოკვლევა კი გრძელდება.