ყვარლიდან ლუგარის ლაბორატორიაში დამატებითი ნიმუშები იგზავნება
ყვარლის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში დამატებითი ნიმუშების გაგზავნა იგეგმება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში, დღესვე გაიგზავნება დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრების ნიმუშები.
,,ქალბატონი ექიმის ოჯახის 4 წევრის გარდა, ლუგარის ლაბორატორიაში, ვაგზავნით ევექსის ყვარლის ჰოსპიტალის ექიმების ნიმუშებსაც, ვინაიდან იგი მუშაობდა ამ ჰოსპიტალშიც. გამოკითხვებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილია რომ მას შეხება არ ჰქონია არც ნათესავებთან და არც მეზობლებთან”.
ცნობისთვის, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ექიმი ქალბატონი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა. გარდა ამისა, იგი მუშაობს ევექსის ყვარლის ჰოსპიტალშიც. ეპიდემიოლოგები ყვარლის მედპერსონალის დამატებით გამოიკვლევებს ამ დრომდე აწარმოებენ.