კახეთში ცხვრის გადარეკვის სეზონი დაიწყო
კახეთის რეგიონში ცხვრის გადარეკვის სეზონი ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ დღეს გაიხსნა.
კახეთის გუბერნატორის განმარტებით, რეგიონის მასშტაბით არსებულ ვეტერინარულ ზედამხედველობის პუნქტებში ვეტერინარები სრულიად უფასოდ პირუტყვს ბიოლოგიურ-ვეტერინარულად ამუშავებენ. ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ეს პროცესი სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება.
,,ახლა უკვე იწყება კახეთში ცხვრის გადარეკვის სეზონი ზამთრის საძოვრებდან ზაფხულისკენ. დედოფლისწყაროდან დაიძვრება ცხვარი და პირველ მაისს ოფიციალურად გაიხსნება ცხვრის გადარეკვის სეზონი.
ერთი მიმართულება იქნება თუშეთი და იქ დაახლოებით 40 000 სული ცხვარი გადაირეკება, ხოლო 280 000 სული ცხვრის სამცხე – ჯავახეთის მიმართულებით გადარეკვა იგეგმება.
ყველა ფარა, რომელიც გადაადგილდება, გაივლის ვეტერინარულ, ეპიდემიოლოგიურ და ბიოლოგიურ დამუშავებას. ეს იქნება ცხვრის ფარის უსაფრთხო მდგომარეობა.
ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს მეცხვარეებს, რომ მათი სამუშაო პირობები მიახლოებული იყოს იმ მოთხოვნებთან, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.
კახეთში ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სექტორია ეკონომიკის კუთხით. შარშან, 200 000 სულზე მეტი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. 1 კილოგრამი გუდის ყველის ფასი კი დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებში მერყეობს”,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.