შოთა ნარეკლიშვილი- თელავის აგრარული ბაზრის დირექციამ მოთხოვნები დააკმაყოფილა
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, თელავის აგრარული ბაზრის დირექციამ გარკვეული მოთხოვნები დააკმყოფილა და დღეიდან ფუნქციონირების უფლება მოიპოვა.
მისი თქმით, ბაზარში არსებული სიტუაცია ადგილზე დაათვალიერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმაც.
,,გუშინ საღამოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შევამოწმეთ თელავის აგრარული ბაზარი. ყველა ის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც არსებობდა, ამ ეტაპზე შესრულებულია. გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მივიღეთ და დღეს დილის ცხრა საათიდან გაიხსნა ბაზარი.
თუმცა არსებობს მცირე ხარვეზები, რომელთა გამოსწორება ბაზრის ფუნქციონირების პარალელურად შესაძლებელია.
ასევე დაწესებულია მკაცრი რეგულაციები, მიმდინარეობს თერმო სკრინინგი, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ხელის დამუშავება, რიგის რეგულაცია, აუცილებელია პირბადით გადაადგილება. ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ”,- განაცხადა ნარეკლიშვილმა.
ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის ინფორმაციით, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ხალხის ნაკადს თავად აკონტროლებენ, ხოლო გარე ტერიტორიაზე ნაკადის დარეგულირებაში მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას.
,,ყველაფერი მოვაწესრიგეთ რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა. ჩვენმა მოვაჭრეებმა იციან, რომ უნდა გამოიყენონ პირბადე და ხელთათმანი. იყვნენ სურსათის ეროვნული სააგენტოდან. მივიღეთ რეკომენდაციები და მითითებები, რაც მოსაგვარებელი იყო იმისთვის, რომ ბაზარს განეგრძო ფუნქციონირება. მოვაწესრიგეთ, და დახლები მოვაწყეთ, გავიტანეთ ნივთები რაც არ იყო გამოსადეგი. შევრებეთ რკინის ნაკეთობები რაც დაჟანგებული იყო”,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას მერაბ თურქოშვილმა.
ცნობისთვის, სარეაბილტაციო სამუშაოების შემდეგ თელავის ბაზარი 27 აპრილს გაიხსნა, თუმცა ამოქმედებიდან რამდენიმე საათში სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კვლავ დაიხურა. ბაზრის მფლობელი კი 3 000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობა გახდა.