ცაზე ვარსკვლავური მანათობლები კახეთშიც შენიშნეს
დღეს საღამოს კომპანია Space X-ის თანამგზავრები საქართველოს ცაზეც გამოჩნდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცაზე ვარსკვლავური მანათობლები კახეთშიც შენიშნეს.
მანათობლები მოძრაობენ მწყობრად და გარკვეული მიმართულებით. საზოგადოების ნაწილს უცხოპლანეტელები ეგონა, ზოგს ვარსკვლავთცვენა, თუმცა უცნაური მანათობლები გაცილებით მაღლა მოძრაობდნენ.
რეალურად ისინი ,,სტარლინკის” სატელიტები” აღმოჩნდნენ. ისინი გრძელ კვალს დატოვებენ და უჩინარდებიან. SpaceX-ის მფლობელმა, ილონ მასკმა, თავისი ახალი პროექტის, Starlink -ის განხორციელება დაიწყო. მასკი აპირებს, რომ დედამიწის გარშემო 12000 მცირე თანამგზავრის მეგა-თანავარსკვლავედი განათავსოს და დედამიწის ნებისმიერი წერტილი უწყვეტი, უსწრაფესი და უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოს.
თითოეული თანამგზავრი რადარული სისტემით, მზის ბატარეებით და ძრავებითაა აღჭურვილი, რომელთა საშუალებით ხდება საბოლოო ორბიტებზე განლაგება. გაშვებიდან ერთ თვეში თანამგზავრები 550 კმ ოპერაციულ სიმაღლეზე გადიან და 53°-ზე იშლებიან, რაც ინტერნეტ-პროვაიდერების მიერ მათი მოხმარებისთვის სრულიად საკმარისია.
დღეს კოსმოსში უკვე 360 თანამგზავრია. მათი გრძელი ”ძაფები” ღამის ცას უზარმაზარი შემადგენლობის სახით გრაციოზულად კვეთენ და პირველ მაყურებელს განსაცვიფრებელ სანახაობას სთავაზობენ. ასეთი ძაფების რაოდენობა, გეოგრაფიულ ლოკაციებზე დამოკიდებულებით, შეიძლება 1-დან 10-მდე მერყეობდეს. მზის ბატარეებიდან არეკვლილი სხივების პირდაპირი მოხვედრის შემთხვევაში, თითოეული ობიექტის ზომა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ბრწყინვალებას დაახლოებით 2-ჯერ აღემატება.