კახეთში ცხვრის გადარეკვის სეზონი 1 მაისს დაიწყება
კახეთის რეგიონში ცხვრის გადარეკვის სეზონი ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ ოფიციალურად 1 მაისს გაიხსნება.
მანამდე, კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებული ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში, ვეტერინარების მიერ სრულიად უფასოდ, პირუტყვის ბიოლოგიურ-ვეტერინარული დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება.
,,ახლა უკვე იწყება კახეთში ცხვრის გადარეკვის სეზონი ზამთრის საძოვრებდან ზაფხულისკენ. დედოფლისწყაროდან დაიძვრება ცხვარი და პირველ მაისს ოფიციალურად გაიხსნება ცხვრის გადარეკვის სეზონი.
ერთი მიმართულება იქნება თუშეთი და იქ დაახლოებით 40 000 სული ცხვარი გადაირეკება, ხოლო 280 000 სული ცხვრის სამცხე – ჯავახეთის მიმართულებით გადარეკვა მოხდება.
ყველა ფარა რომელიც გადაადგილდება, გაივლის ვეტერინარულ, ეპიდემიოლოგიურ და ბიოლოგიურ დამუშავებას. ეს იქნება უსაფრთხო მდომარეობა ამ ფარის.
ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდება კონტროლი მეცხვარეების, რომ მათი სამუშაო პირობები მიახლოებული იყოს იმ მოთხოვნებთან რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.
კახეთში ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სექტორია ეკონომიკის კუთხით. შარშან, 200 000 სულზე მეტი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. 1 კილოგრამი გუდის ყველის ფასი კი დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებში მერყეობს”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.