ყანდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ. გ., დამამძიმებელ
გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის
გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და
მეზობლებს.
,, 2019 წლის 20 ივლისს, ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის
ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11
პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტებით,
რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ყანდაურაში მკვლელობა გასული წლის 3 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.
გამყრელიძე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ის 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. მას იარაღის უკანონო – შეძენა – შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.
ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი და სასამრთლოს მიერ პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.