ახალი ამბები

საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები არ მოიხსნება

27 აპრილიდან საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები არ იხსნება.

როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რაიონში ან სხვა ადგილზე იმყოფებიან. მათ ორი დღის განმავლობაში, ორშაბათსა და სამშაბათს ექნებათ შესაძლებლობა, თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ.

„ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც საქალაქთაშორისო გადადგილებაზე იყო დაწესებული და ასევე, არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასული იყო ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით: ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ, შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით, აღდგება“,-განაცხადა გახარიამ.