კახელი ფერმერები შიშობენ, რომ მარწყვის რეალიზაციის პრობლემა შეექმნებათ
,,არ ვიცით, ადრეული მოსავალი როგორ უნდა გავყიდოთ. ადრეული ჯიშის მარწყვი, რომელიც მალფუჭადი პროდუქტია, მალე იქნება და მაისში მას მოყვება ადრეული ატამიც. 22 მაისამდე რომ გადაიწია საგანგებო მდგომარეობამ და კომენდანტის საათმა, მოსავლის კრეფაზე რა უნდა ვქნათ ან მის გაყიდვაზე?
წელს, სოფლის შარაზე ვერ გავყიდით მოსავალს, რადგან არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. სად წავიღოთ ამდენი ხილი, გადავყაროთ ამდენი ნაშრომი, ან დახარჯულ ფულს ვინ მოგვცემს. ისედაც სეზონზე ბევრი ხილი ლპება და ვყრით.
იმედია, რომ წელს ისე არ გაგვიხდება საქმე, რომ საერთოდ არ დავკრიფოთ“, – ამბობს ფერმერი დალი გაბროშვილი.
ფერმერები შიშობენ, რომ მოყვანილი მოსავლის გადაყრა მოუწევთ. ისინი ამბობენ, რომ აგრარული ბაზრების დახურვამ მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
,,ბაზრის ვაჭრები, გადამყიდველები მოდიოდნენ და ყიდულობდნენ ერთნაირად ბევრს, მიჰქონდათ და ყიდიდდნენ ბაზარებში ხან კახეთშივე, ხან თბილისში. ერთბაშად რომ ერთი ფერმერი 100, 200 ვედრომდე მარწყვს დაკრეფს, როგორ და სად გაყიდოს? სოფლის ტრასაზე გამოხვალ და დაგაჯარიმებენ. 144-ზე დარეკეთო რომ გვეუბნებიან, ჯერ ვინ პასუხობს და ეს ამდენი ხალხი სოფლის მოსახლეობა როგორ დარეკავს? დილით 7, 8 საათზე ეს ამდენი ვედროები უკვე დაკრეფილი და გამოტანილი გვაქვს ხოლმე, ეხლა ამ პირობებში ნაკვეთებშიც ვერ გავდივართ, რამე გეგმა ხომ უნდა უკვე არსებობდეს რას გვიპირებენ?“, – აცხადებს ფერმერი გივი ნანუაშვილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროს ყველა რეგიონული სამსახურის მაქსიმალურად არის ჩართული პროცესებში. ლევან დავითაშვილის თქმით, მუშაობენ, რათა კომუნიკაცია დაამყარონ მსხვილ მყიდველებსა და ფერმერებს შორის ორგანიზებული ფორმით.
მთავრობამ აგრარული ვაჭრობისთვის საბითუმო სავაჭრო ქსელ ,,ჯიბეს“ ბაზაზე შეიმუშავა სავაჭრო პლატფორმა. გლეხებისა და ფერმერებისაგან პროდუქცია მოხვდება პირდაპირ საცალო და ქსელურ მაღაზიებსა და კვების ობიექტებში.
,,სავაჭრო ქსელ ,,ჯიბეში“ ფერმერებს შეეძლებათ ბითუმად გაყიდონ მოვაჭრეებზე თავიანთი წარმოებული პროდუქცია, მათ შორის მალფუჭებადი სურსათი. აქ სრულად არის დაცული სანიტარული ჰიგიენური წესები, ვაჭრობა უწყვეტად განხორციელდება. აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების რისკის შემცველი იყო. ისინი, რომლებიც გაითვალისწინებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებში არსებულ რეკომენდაციებს, შეძლებენ ფუნქციონირებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვას აგრარულ ბაზრებში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით მსხვილ შემსყიდველებთან, რომ მათ პროდუქცია თბილისში არსებულ ცენტრებში ჩაიტანონ.
პროდუქციის ღირებულებას, წინა წლების მსგავსად, ბაზარი დაარეგულირებს. ფერმერები ამბობენ, რომ პესტიციდები გაძვირებულია, რაც პროდუქციის ფასზეც აისახება.
,,ატამი ლარნახევარი მაინც ეღირება, მარწყვი არ ვიცი. ძვირია ყველაფერი და ხარჯებს გასტუმრება უნდა. ეს არის ჩვენი სარჩო საბადებელი მთელი წელი“.
ფერმერები და მევენახეები კოოპერაციის სისტემაზე საუბრობენ და მიუთითებენ, რომ კოოპერატივის შექმნის იდეა ჰქონდათ, თუმცა გასულ წელს იკლო ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიზნობრივმა პროგრამებმა, რის გამოც ბევრი დაიხურა.
,,რამდენიმე ადამიანი ვფიქრობდით რომ კოოპერატივი ჩამოგვეყალიბებინა, მაგრამ ვერც გრანტი მოვიძიეთ და სხვა პრობლემებიც შეგვხვდა. ვფიქრობთ, რომ გამარტივებული წესით უნდა იყოს შესაძლებელი, რათა ხალხმა ამოისუნთქოს. იმდენი ბარიერია, ვერ მოვახერხეთ“, – ამბობს გივი ნანუაშვილი.
მეწარმეები ხელისუფლებას მოყვანილი ხილის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვენ.