კახეთში ფერმერებს და მევენახეებს გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ
მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის მუნიციპალიტეტებში, საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა.
22 -დან 27 აპრილამდე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღის გარკვეულ მონაკვეთში, ფერმერებსა და მევენახეებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ.
„27 აპრილამდე, დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის. გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები (არაუმეტეს 3 პირი პირბადით) სხვა შემთხვევის დროს პირი უნდა დაუკავშირდეს მერიას ცხელ ხაზზე’’,- აცხადებენ მუნიციპალიტეტების მერიებში.
მიუხედავად დაწესებული შეღავათებისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. მათი განცხადებით, დილის 6 დან 8 საათამდე პერიოდში დაკეტილია ყველა მაღაზია, სადაც პესტიციდების შეძენაა შესაძლებელი, ასევე ვერ ახერხებენ რომ იქირაონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
,,გამოდის, რომ დილით ადრე უნდა წავიდე ვენახში და ვთქვათ სამი საათი მჭირდება საქმის გასაკეთებლად, იძულებული ვარ საღამოს ექვსამდე ვილოდო რათა სახლში დავბრუნდე. ეს ჩვენთვის დამატებითი პრობლემაა. გარდა ამისა, დილით არ არის შესაბამისი მაღაზიები და დაწესებულებები ღია, საღამოს ექვსის შემდეგ კი ყველაფერი დაკეტილია’’,-აცხადებენ Knews.ge-სთან საუბრისას კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერები და მევენახეები.
შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ ის ფერმერები, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისთვის დამატებითი მუშახელის დაქირავება და გადაყვანა უწევთ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერი ელისო ღვინიაშვილი აცხადებს, რომ რეკავდა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე მთავრობის ცხელ ხაზზე და სურსათის უვნებლობის სამსახურში, თუმცა ვერცერთი უწყებიდან შესაბამისი პასუხის და ნებართვის მოპოვება ვერ შეძლო.
,,მუშების გადასაყვანად საჭირო საშვის მისაღებად დავრეკე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთან, იმ ნომერზე რომელიც 144-ზე დარეკვისას მომცეს. მითხრეს, რომ აღნიშნული ნებართვის მისაღებად მერიაში მივსულიყავი, თუმცა დროის იმ მონაკვეთში, როცა ჩვენთვის დაშვებულია გადაადგილება, უწყება არ მუშაობს. საშვის გარეშე კი ვერ მოვასწრებ ვერაფერს. ჯერ მუშები ნაკვეთში ნაწილ-ნაწილ უნდა ჩავიყვანო, შემდეგ 20 კმ მანძილზე სასუქების შესაძენად უკან უნდა დაბრუნდე, შემდეგ უნდა მივიდე სატრაქტორო პარკში რათა დაველაპრაკო მექანიზატორის უფროსს, რომელიც ტელეფონზე არ პასუხობს. ასევე, დრო მჭირდება გამოვიტანო ბანკომატიდან ფული, რომ ხელფასი მივცე მუშებს. ამის გარდა, შევიძინო სათესლე მასალა და საწვავი.
დავრეკე სურსათის უვნებლობის სამსახურში და მითხრეს, რომ ინსტრუქცია ითვალისწინებს სამარშრუტო ტაქსით თავისუფლად გადაადგილებას სამუშაო საათებში. გამოდის, რომ რადგან მჭირდება სამარშრუტო ტაქსის დაქირავება, უნდა მივიდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში. რამენაირად უნდა მოვიძიო სამარშრუტო ტაქსი და ვიქირავო, მაგრამ თუ ვერ ვიქირავე, ჩემი მსუბუქი მანქანით რომ წავიდე 3000 ლარით ვჯარიმდები.
ყველამ ვიცით, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად არის გამოცხადებული. უნდა ვაცნობიერებდეთ სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობასაც. კახეთში არ გვაქვს ინფიცირების შემთხვევა და შესაძლებელია გადაკეტონ საზღვარი, თუნდაც ქალაქებს შორის და მოგვცენ ნორმალური მუშაობის საშუალება. მიწაზე რომ არ გაუვლია, ის ხალხი დაუფიქრებლად აწესებს აკრძალვებს. ესაა მთელი პრობლემა.
ჩემი დიდი მცდელობის შედეგად, დამიკავშირდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიიდან, მესაუბრა თავად მერი და მითხრა, რომ უწყების თანამშრომლები დამიკავშირდებიან და შესაძლებელი იქნება ერთჯერადი საშვის გაცემა, თუმცა როდის ამაზე არ მაქვს ინფორმაცია’’,-განუცხადა knews.ge-ს ელისო ღვინიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთში სამუშაოთ თუ წავა პირი, მისთვის სპეციალური საშვის მიღება არ არის სავალდებულო. უწყებაში განმარტავენ, რომ საშვის მიღება საჭიროა მხოლოდ მუშების გადასაყვანად, რომლის მისაღებადაც მსურველებმა მერიის ფეისბუქ გვერდზე მითითებულ ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.
,,სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში სამუშაოს განსახორციელებლად რომ გადაადგილდეს პირი დაწესებულ საათებში, ამისთვის ნებართვა არ არის საჭირო. პოლიციის მიერ შემთხვევითობის პრინციპით მოხდება მანქანების შემოწმება, იმის გასაგებად, რეალურად მიდის თუ არა აღნიშნული მიზეზით პირი. თუ ვინმე პირადი ინტერესისთვის გადაადგილდება დააჯარიმებენ.
იმ შემთხვევაში, თუ პირს მუშების გადაყვანა უნდა, სჭირდება დროებითი საშვი, რომელსაც მერია გასცემს. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საკითხის მოგვარება სჭირდება მოქალაქეს, უნდა დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე ან დაუკავშირდეს სოფელში მერის წარმომადგენელს’’,-განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარებას. მისი თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და რეგიონული შტაბები განახორციელებენ შესაბამისი ნებართვების გაცემას.
,,კახეთში, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პერიოდი შედარებით დიდი კომპანიებისთვის ადვილად გადასატანია, რადგან მათ მიკროავტობუსების მეშვეობით გადაყავთ სოციალური წესების დაცვით მუშახელი. თუმცა, უამრავია მცირე და წვრილი მევენახე და ფერმერი, რომელთა ინტერესებში შედის რომ საკუთარი მანქანით საშუალება ჰქონდეთ სავარგულებამდე მივიდნენ და დაბრუნდნენ უკან. და უკან დაბრუნება. ეს გადაწყვეტილება სწორედ მორგებულია მცირე და საშუალო ფერმერებზე და მევენახეებზე’’,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.