თელავში ახალგაზრდა მოქალაქეებს მედიკამენტებისა და საკვების მიტანას სთავაზობს
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, რომელიც 27 აპრილამდე ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვასაც გულისხმობს, თელავში მცხოვრები გიორგი ძიძიშვლი მოქალაქეებს საკუთარი მოპედით მედიკამენტებისა და საკვების მიტანას სთავაზობს.
ძიძიშვილმა პოსტი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” ერთ-ერთ ჯგუფში გამოაქვეყნა.
,,ამ ჯგუფში დაწერილი პოსტებიდან და კომენტარებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ხვალ დილის 07:00 საათიდან მოგემსახუროთ მე და ჩემი მოპედი. თელავთან ახლო მდებარე სოფლებში მაცხოვრებლებს შემიძლია მოგიტანოთ წამლები და ბავშვის საჭმელი ან პამპერსები. პირადში მომწერეთ რა წამლები გჭირდებათ, რომელ აფთიაქში ვიყიდო, ვიყიდი და ჩამოგიტანთ, ტრანსპორტირების არაფერი მინდა, ქვითარს მოვიტან და მხოლოდ წამლების საფასური აანაზღაურეთ. გთხოვთ, შემეხმიანოთ მხოლოდ ისინი, რომლებიც ვერანაირად ვერ ხვდებიან თელავის აფთიაქებში და უკიდურესად სჭირდება მსგავსი სახის დახმარება მცირეწლოვანი ბავშვებისათვის ან მოხუცებისთვის.
გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას”, – წერს ძიძიშვილი.