თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება
თელავში 30 საწოლიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება. მშენებლობის დაწყების თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მშენებლობასა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო დააფინანსებს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი საავადმყოფოს აშენებისა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვის შემდეგ პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მიღება საუკეთესო პირობებში შეეძლებათ.
,,აღმოსავლეთ საქართველოში არ არის ფსიქიატრიული საავადმყოფო, ამიტომ მოსახლეობას ხშირად უწევს პაციენტების თბილისში განთავსება, რაც იწვევს მგზავრობის დამატებით ხარჯს, ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას კი კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება და პაციენტების ახლობლებს უჭირთ პაციენტის ნახვა სტაციონარში“. – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებულ პროექტში ცვლილებების შეტანა და სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადა არ არის ცნობილი.