თელავის აგრარული ბაზარი დაიხურა
თელავის აგრარული ბაზარი დაიხურა და ხვალ დილიდან ის მომხმარებელს აღარ მოემსახურება.
ბაზრიდან უკვე გააქვთ საქონელი, ინვენტარი და სადეზინფექციო საშუალებები.
აგრარული ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის ინფორმაციით, თელავის ბაზარი, შესაბამისი უწყებების მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ასრულებდა.
,, ჩვენ კარგად ვთანამშრომლობდით სურსათის უვნებლობის სამსახურთან და ყველა მაკონტროლებელ უწყებასთან. ამხელა ბაზარში, მხოლოდ 10 ადამიანს ვუშვებდით და ბაზარს მეორე კარიდან ვატოვებინებდით. დეზინფექციასაც ყოველდღე ვატარებდით და ვიცავდით რეკომენდაციებს. ალბათ რაკი ყველა ბაზარი დაიკეტა, ასეთი გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს”, – განაცხადა თურქოშვილმა.
თელავის ბაზარში ოთხმოცზე მეტი მოვაჭრე და ათობით მცირე მაღაზია მუშაობდა.
ბაზარი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული და არამხოლოდ თელავის, კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობასაც ემსახურებოდა.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.