გურჯაანში მცხოვრები ტიტების მწარმოებელი მეწარმე დახმარებას ითხოვს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მცხოვრები ტიტების მწარმოებელი 63 წლის კაკო ჯეირანაშვილი დახმარებას ითხოვს. ის ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო ტიტების თბილისში წაღებას და გაყიდვას ვერ ახერხებს და 5000-ზე მეტი წითელი ტიტა მის ეზოში დაუკრეფავად ჭკნება.
კაკო ჯეირანაშვილის თქმით, ახლა ის თბილისში, ნავთლუღის ბაზარში უნდა იყოს და საკუთარი ხელით მოყვანილ ტიტებს ყიდიდეს, თუმცა, covid-19-ის პანდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და სხვა შეზღუდვების მიზეზით, ნავთლუღის ყვავილების განყოფილება არ მუშაობს.
მისივე თქმით, მას ამ სეზონზე არც ერთი ტიტა არ გაუყიდია, რის გამოც დაახლოებით, 2 000 ლარი დაკარგა.„ყოველი წლის ამ დროს თბილისში, ნავთლუღის ბაზარში, ყვავილების განყოფილებაში მიმქონდა ჩემი ტიტები და იქ გადამყიდველებს ვაბარებდი, შემდეგ ისინი ყიდიდნენ. ახლა, ყვავილები რომ შემოვიდა, წინასწარ დავურეკე ჩემს ნაცნობ რეალიზატორებს, თუმცა მითხრეს, რომ აღარ მუშაობენ, რადგან ბაზარი დაუკეტეს. შესაბამისად, მე წელს ერთი ცალი ყვავილიც კი არ გამიყიდია. ასე ფუჭდება ჩემი ყვავილები და არ ვიცი, რა ვქნა, ვის მივმართო“,- განაცხადა კაკო ჯეირანაშვილმა.
Facebook-ზე მომხმარებელმა მარიამ ნატროშვილმა ინიციატივა გამოთქვა, რომ კაკო ჯეირანაშვილს შექმნილი ვითარება ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ. შექმნილია ანგარიშის ნომერი, რომელზეც შესაძლებელია მსურველმა იყიდოს ვირტუალურად ტიტა და დაეხმაროს კაკო ჯეირანაშვილს ბიზნესის შენარჩუნებაში.
ანგარიშის ნომერი: TBC GE62TB7096445061100088 მიმღები: ნანა ბეჟაშვილი
ფოტო: გიორგი ალადაშვილი