ახალი ამბები

ლაგოდეხში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 10 ადამიანი დააჯარიმეს

ბოლო ორი დღის განმავლობაში ლაგოდეხში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დადგენილი შეზღუდვა 10-მა ადამიანმა დაარღვია, რის გამოც თითოეულ მათგანს 3000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

როგორც knews. Ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განუცხადა, ხუთმა მოქალაქემ დაარღვია კომენდანტის საათის ფარგლებში განსაზღვრული შეზღუდვა, ხოლო ხუთი კი – სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილებისთვის დაჯარიმდა. კახა ჯამბურია მოქალაქეებს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების შესრულებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

“ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შემდეგ კომენდანტის საათი, რათა კორონავირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეჩერდეს. თითოეული მოქალაქე ვალდებულია, ეს წესები დაიცვას უსაფრთხოებისთვის. სამწუხაროდ ლაგოდეხში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ათი ადამიანი დააჯარიმეს. მინდა მოგიწოდოთ ყველას, დავემორჩილოთ კანონს და შემოღებულ შეზღვუდვებს. დარჩით სახლში! დაიცავით სოციალური დისტანცია! გისურვებთ ჯანმრთელობას!გვფარავდეს ღმერთი”, – განაცხადა კახა ჯამბურიამ.

ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილამდე არის გამოცხადებული. 31 მარტს დილის 8 საათიდან კი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და 21 საათიდან კი ე.წ. კომნედანტის საათი გამოცხადდება.