თელავის ცენტრალური სავადმყოფო ხვალიდან პაციენტების მიღებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს
თელავის ცენტრალურ სავადმყოფოს ცხელების ცენტრის სტატუსი მოეხსნა და ხვალიდან, პაციენტების მიღებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
საავადმყოფოს პრეს-სპიკერის, ეკა საყვარელიძის ინფორმაციით, ავადმყოფების მიღება გარკვეული წესების დაცვით განახლდება.
,,საავადმყოფოში შემოდის მხოლოდ პაციენტი, რომელსაც შესასვლელში უტარდება თერმოსკრინინგი. თუ მას აქვს ტემპერატურა, ან სხვა საეჭვო სიმპტომი, ის გარკვეული პროტოკოლის დაცვით მოხვდება სპეციალურად მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებაში და მას, ახალ კორონა ვირუსზე ანალიზისათვის , ნიმუშს აუღებენ. სხვა შემთხვევაში, მოქალაქე, შესაბამისი პროფილის ექიმთან მიდის. ამ ეტაპზე პაციენტების მატებაც არ შეინიშნება”, – განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, კახეთში ცხელების ცენტრებად ოთხი საავადმყოფო იყო მონიშნული, რომლებმაც ყველა ავადმყოფს სტაციონარი დაატოვებინეს, თუმცა, ამ ეტაპზე, თელავის ორ საავადმყოფოში, პაციენტების მიღება კვლავ განახლდა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში ახალი კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.