ახალი ამბები

თელავის ცენტრალური საავადმყოფო კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს 6 აპრილიდან მიიღებს

თელავის ცენტრალური საავადმყოფო კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების მიღებას 6 აპრილიდან დაიწყებს.

კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებულ პალატებში საეჭვო პაციენტებს განთავსებენ, კვლევისთვის ნიმუშებს აიღებენ და შესამოწმებლად ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

ზურა საჩიშვილი განმარტავს, რომ საავადმყოფომ გამოყო 1 მთლიანი სართული, სადაც 7 ბოქსირებული პალატაა.
,,ველოდებით ჯანდაცვის სამინისტრისგან შესაბამისი აღჭურვილობის გამოგზავნას და ნებართვას. იყვნენ სამინისტროდან ჩამოსულები და ადგილზე განვიხილეთ აღნიშნული საკითხი. პირველ ეტაპზე 7 ბოქსირებულ პალატაში კორონავირუსზე საეჭვი პაციენტებს განათავსებენ, შესაბამის ანალიზებს აიღებენ და თბილისში გაგზავნიან. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს დაუდასტურდება კორონავირუსი, მათ შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ”, – განუცხადა knews. Ge-ს ზურაბ საჩიშვილმა.
საჩიშვილის ინფორმაციით, პაციენტების მათთან ექიმის დანიშნულების მიხედვით გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოათავსებს.

მისივე თქმით, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს მედიკოსებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ტრენინგები უკვე ჩაუტარეს.