იცავენ თუ არა უსაფრთხოების წესებს კახეთში ფერმერები
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
სოფლის მეურნეობის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი ვასილ გერმანიშვილი აღნიშნავს, რომ დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელდება, რათა მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დადგეს.
“ჩვეულებრივ მიმდინარეობს სამუშაოები, გრძელდება ის პროცედურები, რაც საჭიროა რომ ჩატარდეს ამ შესაფერისი სეზონისთვის, რა თქმა უნდა ამ მდგომარეობის შესაბამისი დაცვის ზომებით“, – განუცხადა knews. Ge-ს ვასილ გერმანიშვილმა.
უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ ფერმერებიც.
მათი მტკიცებით, სამუშაოების დროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავენ
„კორონავირუსი გავრცლებულია, თუმცა ხელისუფლება და ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული იყოს ქვეყანაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გამოსცა და ცვენ ვცდილობთ, რომ დავიცვათ. როდესაც ნაკვეთებში სამუშაოები მიმდინარეობს, მუშახელი ერთმანეთისგან მინიმუმ ორი მეტრით არის დაშორებული. გარდა ამისა, ისინი მუშაოების დროს პირბადეს იყებენენ და 2 საათის შემდეგ იცვლიან პირბადეებს“, – აცხადებენ knews. Ge-სთან საუბრისას მეწარმეები.
ფერმერების განმარტებით, მთავრობის რეკომენდაციებს მუშახელის ტრანსპორტირების დროსაც ითვალისწინებენ, რაც გულისხმობს, რომ დიდი მოცულობის ავტოსატრანსპორტო საშუალებას 6 ადამიანზე მეტის გადაადგილება ეკრძალება.
„გუშინ გავიგეთ, რომ დიდ მანქანაში 6 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. აუცილებელია დისტანცია, რომ ვირუსი ძალიან არ გავრცელდეს. ჩვენც გვეშინია კორონავირუსის და ამიტომ ვცდილობთ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შევასრულოთ“, – აღნიშნავენ ფერმერები.
საგაზაფხულო სამუშაოების უწყვეტად მიმდინარეობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება გუშინ გამართულ ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა. ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში რეგულაციების დაცვა აუცილებელი მოთხოვნაა.
„კახეთში აქტიურად მიმდინარეობს ვენახის, ხვნა-თესვითი და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაჩეროთ ასეთი სამუშაოები. ყველა მევენახეს, კომპანიას, ამ საქმიანობაში ჩართულ პირებს ვაფრთხილებთ, რომ მუშა ხელის გადაადგილება, ტრანსპორტირება, სამუშაო, დასვენებისა და საკვების მიღების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგულაციებს. თუ მუშა ხელი გადაჰყავდათ სამარშრუტო ტაქსებისა და მიკროავტობუსების მეშვეობით და იქ იყო 12, 15 ან ზოგჯერ მეტი ადამიანიც, ახალი რეგულაციებით, რომლებიც ოპერატიულ შტაბში გუშინ თათბირზე მივიღეთ, მასქიმუმ 6 ადამიანი შეიძლება იყოს ასეთ სატრანსპორტო საშუალებაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ეს რეგულაცია გაზრდის მეწარმეების დანახარჯებს, თუმცა შეზღუდვის მიზანია კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია.
ეს მეწარმისთვის დამატებითი ხარჯი იქნება, რადგან დაახლოებით სამი გზა უნდა გააკეთოს, მაგრამ უნდა დავიცვათ სტანდარტების ის მინიმუმი, რაც მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ანალოგიური რეგულაციები გავრცელდება სხვა სახის სამუშაოების, მათ შორის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე