თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალი საფრანგეთში სამი კვირის წინ იმყოფებოდა, თუმცა ანალიზები მაინც აუღეს
ქალბატონი, რომელიც გუშინ ღამე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, საფრანგეთიდან სამი კვირის წინ დაბრუნდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
როგორც knews. Ge-ს კლინიკის დირექტორმა განუცხადა, მას მხოლოდ ტემპერატურა აღენიშნებოდა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები არ ჰქონია.
ხათუნა ჭონიაშვილმა განმარტა, რომ პაციენტი საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და შესაბამისად 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი გასულია, მაგრამ რადგან ტემპერატურა აღენიშნება, ამიტომ გადაწყვიტეს COVID19-ზე ანალიზი მაინც აეღოთ.
“ქალბატონი ანალიზები უკვე გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. დაუდასტურდება თუ არა მას კორონავირუსი, სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი”, – განაცხადა knews. Ge-სთან საუბრისას ხათუნა ჭონიაშვილმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ კიდევ ორი მოქალაქე მოთავსეს.
კლინიკის დირექტორის თქმით, შუა ხნის მამაკაცებს ასევე ჰქონდათ COVID19-ის გავრცელების მხრივ რისკ ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
დაუდასტურდებათ თუ არა მათ კორონავირუსი, მედიკოსებს სავარაუდოდ დღეს საღამოს ეცოდინებათ.
საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად უკვე 115 მოქალაქეს დაუდასტურდა.