ახალი დეტალები სოფელ კარდენახში დაკრძალვაზე ჩამოსული კორონავირუსით ინფიცირებულის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სტუმრად მყოფი მოქალაქის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ვირუსით დაინფოცირებულ 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც 19 მარტს სოფელ კარდენახში პაპის დაკრძალვას დაესწრო და უკან თბილისში გაბრუნდა, ტაქსის მძღოლია.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი, რომელსაც კონტაქტი ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და მეზობლებთან ჰქონდა, წარმოშობით სოფელ კარდენახიდან არის, თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობს.
,, ჩამოვიდა, ორი დღე იყო აქ, კონტაქტი ჰქონდა ნათესავებთან და მეზობლებთან, დაესწრო პაპის დაკრძალვას, სადაც 15-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაგიდასთან არ დამჯდარა, სუფრასთან ღვინო და კერძები მოჰქონდა”, – აცხადებენ მეზობლები.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ასევე კონტაქტი ჰქონდა დეიდასთან, რომელიც გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში ექიმ თერაპევტად მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, ის გუშინდლამდე სამსახურში დადიოდა და პაციენტებს იღებდა, მისი ნათესავის ინფიცირების დადასტურების შემდეგ კი თვითიზოლაციაშია.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი ეპიდემიოლოგი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მამაკაცის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
მარინა კაპანაძის განმარტებით, დაკრძალვის ცერემონიას, სადაც მამაკაცი იმყოფებოდა, 12-მდე ადამიანი ესწრებოდა.
მისი თქმით, ახალგაზრდა მხოლოდ იმ ოჯახში ჩამოვიდა და სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია.
,,35 წლამდე მამაკაცი 17 მარტს კარდენახში ჩამოვიდა და 19 მარტს ნათესავის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რომელსაც დაახლოებით 12 ადამიანი ესწრებოდა. ამ პირების ვინაობა უკვე დადგენილია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ არანაირი გართულება არ აღენიშნებათ.
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი კი გურჯაანში სხვაგან არ ყოფილა. ამ კუთხით მუშაობას და კონტაქტების დადგენას ვაგრძელებთ”, – განუცხადა knews.ge-ს მარინა კაპანაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სოფლიდან თბილისში 19 მარტს დაბრუნდა, 30 მარტს კი კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსი დაუდასტურდა. მას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ.