ახალი ამბები

თელავის შესასვლელებთან 4 საკონტროლო გამშვებ პუნქტში მოქალაქეებს თერმოსკრინინგის გავლა უწევთ

თელავის შესასვლელებთან ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. დილიდან დაიწყო პუნქტებზე გამვლელი მოქალაქეების თერმოსკრინინგით შემოწმება.
როგორც ადგილობრივებმა knews. Ge-ს განუცხადეს, საკონტროლო პუნქტთან მანქანების გრძელი რიგებია, თუმცა მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის მოსახლეობის მასიური შემოწმება მნიშვნელოვანია.
დილიდან თბილისის, ყვარლის, ახმეტისა და გურჯაანის მიმართულებიდან თელავში შემომსვლელ ავტოტრანსპორტში, დადგენილი წესის შესაბამისად მგზავრთა რაოდენობის კონტროლს პოლიცია, ხოლო მოქალაქეების თერმოსკრინინგს სამხედრო ექიმები ახორციელებენ.

მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად და დადგენილი წესის მიხედვით, ოთხივე პუნქტზე მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდება, სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფი გადაწყვეტს, მას სტაციონარში გადაიყვანს თუ თვითიზოლაციის რეკომენდაციას მისცემს.