გურჯაანში კორონავირუსით დაინფიცირებული 35 წლამდე მამაკაცის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში თბილისიდან ჩამოსული კორონავირუსით დაინფიცირებული 35 წლამდე მამაკაცის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგის, მარინა კაპანაძის განმარტებით, დაკრძალვას, სადაც მამაკაცი იმყოფებოდა, 12-მდე ადამიანი ესწრებოდა.
მისი თქმით, ახალგაზრდა მხოლოდ იმ ოჯახში ჩამოვიდა და სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია.
,,35 წლამდე მამაკაცი 17 მარტს კარდენახში ჩამოვიდა და 19 მარტს ნათესავის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რომელსაც დაახლოებით 12 ადამიანი ესწრებოდა. ამ პირების ვინაობა უკვე დადგენილია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ არანაირი გართულება არ აღენიშნებათ.
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი კი გურჯაანში სხვაგან არ ყოფილა. ამ კუთხით მუშაობას და კონტაქტების დადგენას ვაგრძელებთ”, – განუცხადა knews.ge-ს მარინა კაპანაძემ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდას სოფელში ყოფნის პერიოდში სავარაუდოდ 30-მდე პირთან ჰქონდა კონტაქტი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სოფლიდან თბილისში დაბრუნდა, 30 მარტს კი კლინიკაში მოათავსეს სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.
ცნობისთვის, საქართველოში COVID19 უკვე 110 მოქალაქეს დაუდასტურდა.